ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ბაჩუკი ბერძენიშვილი დააპატიმრეს - ადგილობრივი მედია

პუბლიკა

ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ბაჩუკი ბერძენიშვილი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია New York Daily News შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 წლის ბაჩუკი ბერძენიშვილს ბრალი ედება როგორც ჯაბა ადამიას მკვლელობის, ასევე იარაღის ფლობისთვის. შემთხვევა ბრუკლინში 6 დეკემბერს, აღმოსავლეთ 21-ე ქუჩისა და ავენიუ პ-ის შორის მოხდა.

New York Daily News წერს, რომ მომხდარიდან სამი კვირით ადრე ბერძენიშვილმა ადამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც 6 დეკემბერს ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, ადამია ბერძენიშვილს გამოელაპარაკა და ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ეს. დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა. პოლიციამ და პროკურორმა განაცხადეს, რომ ჩხუბის დროს მოწმემ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ბერძენიშვილი ადამიას დანას.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, 18 წლის ადამია უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ რეაგირებდა. ის სასწაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.