ნიუ-იორკში ანტისხეულებზე ტესტირებულთა 21% დადებითი იყო - გუბერენატორი

პუბლიკა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ენდრიუ ქუომოს თქმით, ნიუ-იორკში კორონავირუსის ანტისხეულებზე ტესტირებულთა 21%-ს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ასე რომ, კორონავრუსი შესაძლოა, ბევრად უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს, ვიდრე აღრიცხულია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთლიანად, ნიუ-იორკის შტატში სუპერმარკეტების მომხმარებელ 3 000 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი ანტისხეულებზე. შტატის მასშტაბით ჩართულ მოქალაქეთა შორის კორონავირუსის ანტისხეულებზე დადებითი პასუხი 14%-მდე იყო. მათგან უშუალოდ ნიუ-იორკ სითის მცხოვრებლებს – 1300 ადამიანს შორის კი დადებითი პასუხი კიდევ უფრო მეტი – 21% იყო.

თუკი, ამ კვლევაში ნაჩვენები შედეგი რეალურ სურათს ასახავს, მაშინ გამოდის, რომ ნიუ-იორკში კორონავირუსით 1 700 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, შტატის მასშტაბით კი 2 600 000.

არადა, ამ დროისთვის ნიუ-იორკის შტატში 270 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს თითქმის ათჯერ ნაკლებია იმ სურათზე, რაც სახელმწიფო კვლევით ჩანს.

თუკი, ჩატარებული ტესტირების მაჩვენებელი რეალურ სურათს ასახავს, ამას თავისი პოზიტიური მხარეც აქვს. „ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია – დაახლოებით 0.5%“, – თქვა ქუომომ.

როგორც The New York Times წერს, გუბერნატორს კვლევის შესახებ მეტი დეტალზე არ უსაუბრია. ქუომოს თქმით, საწყის ეტაპზე, ანტისხეულებზე ტესტირებას კორონავირუსის გავრცელების უფრო ზუსტი სურათის მისაღებად გამოიყენებენ.

თანაც, სუპერმარკეტის მომხმარებელთა ჯგუფი მთლიანი ქვყენის მოსახლეობის რეპრეზენტატული არაა. ეს შერჩევა უფრო აქტიურ ხალხს მოიცავს, შესაბამისად მათ შორის ვირუსის გავრცელების რისკიც უფრო მაღალია. მეორე მხრივ, ბევრი მოქალაქე, ვისაც ანტისხეულები აღმოაჩნდათ, კორონავირუსით ინფიცირებულებად არ მიიჩნეოდნენ.

„რას ნიშნავს ეს რიცხვი? მე არ ვიცი. ეს არის ხალხი, რომელიც გარეთ გამოდიოდა, არ იყვნენ კარანტინსა და იზოლაციაში“, – თქვა ქუომომ.