ნიუ-იორკში გარდაცვლილები საერთო საფლავში დაკრძალეს

პუბლიკა

კორონავირუსის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამო, ნიუ-იორკში გარდაცვლილები საერთო საფლავში დაკრძალეს. ინფორმაციას ფოტოსთან ერთად BBC ავრცელებს.

ფოტოზე ჩანს, როგორ მარხავენ დიდ ორმოში კუბოებს ჰერმატულ კოსტუმებში გამოწყობილი პირები. ჰარტ-აილენდის ტერიტორია იმ ნიუ-იორკელების დასაკრძალად გამოიყენება, რომელთაც არ ჰყავთ ნათესავები, ან გარდაცვლილების ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ დაკრძალვა.

ნიუ-იორკი პირველი ქალაქია, სადაც კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში.

COVID-19-ის შემთხვევები ნიუ-იორკში ხუთშაბათს 10 ათასით გაიზარდა და 159 937-ს მიაღწია, მათგან გარდაცვლილია 7 000 ადამიანი. სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 468 895 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 16 697 მოქალაქე.