ევროპული ინსტიტუციების ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა სურთ.
ხელმომწერები ღია წერილით მიმართავენ ნობელის პრემიის კომიტეტს. წერილს ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის ნომინირების მომხრეთა სიაც ერთვის.
ხელმომწერთა შორის არიან მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები. ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის ყოფილი წევრები.
ხელმომწერები ნობელის პრემიის კომიტეტს სთხოვენ 2022 წელს მშვიდობის დარგში ნომინანტების წარსადგენად დადგენილი ვადები გაახანგრძლივოს, რომ შესაძლებელი გახდეს კანდიდატების დასახლება 2022 წლის 31 მარტამდე.
„მსოფლიო შოკირებულია უკრაინაში მიმდინარე ომის სურათებით. მილიონობით ოჯახი ცხოვრობს შიშში, მათ სახლებსა და საარსებო წყაროებს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვხედავთ უკრაინელი ხალხის გამბედაობას და იმას, თუ როგორ უძლებენ ომს, რომელსაც მათ წინააღმდეგ აწარმოებს რუსეთი.
მამაცი უკრაინელი ქალები და კაცები იბრძვიან დემოკრატიისთვის. ადამიანები წინააღმდეგობას უწევენ ავტორიტარიზმს. ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ცოტაა იმ მსხვერპლის ფონზე, რომელსაც უკრაინა იღებს ადამიანის უფლებების დაცვისა და მშვიდობისთვის. ახლა მთელი მსოფლიო სვამს კითხვას: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? ახლა დროა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა, ამიტომაც თავმდაბლად მოგიწოდებთ, კომიტეტს გაახანგრძლივოთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინაციის პროცედურა, რომ შესაძლებელი გახდეს ნომინანტების წარდგენა. ვადა გადაწიეთ 2022 წლის 31 მარტამდე.
ვიცით, რომ ეს პროცედურის დარღვევაა, მაგრამ ის უპრეცედენტო ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით, ამართლებს ამას. ჩვენი დემოკრატიული მოვალეობაა აღვუდგეთ ავტორიტარიზმს და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის უფლებისთვის მებრძოლ ხალხს“, – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც თან ერთვის ხელმომწერთა სია.