ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელორუს, რუს და უკრაინელ უფლებადამცველებს გადაეცათ

პუბლიკა

2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუსელ უფლებადამცველ ალეს ბელიაცკის, რუსეთის ადამიანის უფლებადამცველ ცენტრს, „მემორიალსა“ და უკრაინულ ორგანიზაციას, „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“ გადაეცათ.

„მშვიდობის პრიზის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ ქვეყნებში. ისინი მრავალი წელია, ხელს უწყობენ ძალაუფლების კრიტიკის და ემსახურებიან მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ დიდი ძალისხმევა გაწიეს ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევათა აღსაწერად. ისინი ერთად წარმოაჩენენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ – წერია პრემიის ვებგევრდზე გავრცელებულ განცხადებაში.


ალეს ბელიაცკი არის ცნობილი ბელორუსი უფლებადამცველი, რომელიც ამჟამად ციხეშია.

ბელიაცკი 60 წლისა. მან დააფუძნა ორგანიზაცია „ვესნა“, 1996 წელს ბელორუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას მიერ ქუჩის პროტესტის სასტიკად ჩახშობის საპასუხოდ. მისი ორგანიზაცია ეხმარებოდა დაპატიმრებულ დემონსტრანტებსა და მათ ოჯახებს.

ბელიაცკი დაკავებული იყო 2011-2014 წლებში. 2021 წელს ლუკაშენკას მთავრობამ ისბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავა, როდესაც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა.


რაც შეეხება „მემორიალს“ – ორგანიზაციის შესახებ გამოცემა AFP-ს სტატია აქვს მომზადებული, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია იყო „რუსეთის სინდისი, რომელიც პუტინმა აკრძალა“.

ორგანიზაცია 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და ის ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისთვის იმედისმომცემ სიმბოლოდ იქცა, თუმცა გასულ წელს პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გამკაცრებას მისი დახურვა მოჰყვა.

„მემორიალი“ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მთავარ საყრდენად იქცა. ორგანიზაცია ცდილობდა, ებრძოლათ კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისთვის და მათ ჰქონდათ კამპანიები რუსეთის მიერ ჩეჩნეთში და მის ფარგლებს გარეთ რუსეთის სასტიკ ომებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ჯგუფი ინახავდა საბჭოთა ეპოქის დანაშაულთა მასიურ არქივს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ოფიციალურ ნარატივებს.

ერთი წლის წინ რუსეთის ლიდერმა განუცხადა „ადამიანის უფლებათა საბჭოს“, რომ „მემორიალი“ მხარს უჭერდა „ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციებს“, რის შემდეგაც ის დაიხურა.


უკრაინაში „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ 2007 წელს დაფუძნდა, იმ მიზნით, რომ დახმარებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში, არეულობის პერიოდში.

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ორგანიზაცია მუშაობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული ომის დანაშაულების დოკუმენტირებაზე.