ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა – დმიტრი მურატოვმა და მარია რესამ მიიღეს

პუბლიკა

ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის წელს რუსმა და ფილიპინელმა ჟურნალისტებმა, დმიტრი მურატოვმა და მარია რესამ მიიღეს, როგორც BBC წერს – მათი გამბედავი ბრძოლისთვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად რუსეთსა და ფილიპინებში.

პრემიის გამცემმა კომიტეტმა პრემიის ლაურეატები მოიხსენია, როგორც „ყველა იმ ჟურნალისტის წარმომადგენლები, რომლებიც იბრძვიან ამ იდეალებისთვის“. დმიტრი მურატოვი და მარია რესა 10 მილიონ შვედურ კრონას, ანუ 1.1 მილიონ დოლარს მიიღებენ ამ პრიზისთვის.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 329 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათ შორის – ეკოაქტივისტი გრეტა თანბერგი; ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ.

მარია რესა თანადამფუძნებელია ფილიპინური ონლაინგამოცემა Rappler-ისა, რომელიც, კომიტეტის შეფასებით, იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ააშკარავებს მის მშობლიურ ქვეყანაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მზარდ ავტორიტარიზმსა და ძალადობას.

დმიტრი მურატოვი კი, კომიტეტის განცხადებით, დამოუკიდებელი რუსული გამოცემის Новая газета-ს თანადამფუძნებელია. გაზეთი ათეულობით წელი იცავდა გამოხატვის თავისუფლებას რუსეთის უფრო და უფრო გართულებულ პირობებში.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, როგორც წესი, განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის, ვინც კომიტეტის შეფასებით, „აკეთებს ყველაფერს ერთა შორის ძმობის განმტკიცებისთვის“.