ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, 12 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ტვ პირველმა” საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები კანონის საწინააღმდეგოდ დაამუშავა და სცადა, გამოეყენებინა, თანაც, არაერთხელ.
კალანდარიშვილის განცხადებას უპასუხა „ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ. მისი განცხადების თანახმად, საქმე ეხება რესპონდენტის ტელეფონის ნომრისა და საცხოვრებელი მისამართის გაგებას კონკრეტული სიუჟეტისთვის.
ზოგიერთი საჯარო მოხელის მისამართის მოძიება ღია წყაროებით არის შესაძლებელი, თუ ესა თუ ის საჯარო მოხელე ქონებას ფლობს და/ან ავსებს ქონებრივ დეკლარაციას.
„თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება? იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? – საიდან გაიგეს მისამართებიო“. – თქვა ნოდარ მელაძემ.
ის, რომ საქმე კონკრეტულ საგამოძიებო მასალას ეხება, თავად კალანდარიშვილმაც თქვა. როგორც ჩანს, „ტვ პირველის” კითხვები ცესკოს თანამშრომლების ნათესაობას და მმართველ პარტიასთან კავშირებს შეეხებოდა.
გიორგი კალანდარიშვილმა „ტვ პირველის” მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა მედიის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლად მიიჩნია.
„არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით”. – თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
ნოდარ მელაძის განცხადებით კი, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას რეალურ მუქარად აღიქვამენ – გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ „მომავალში ნებისმიერი მედიის მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებული გახდება, გადახედოს მედიასთან თანამშრომლობის საკითხს”.
ნოდარ მელაძე და მისი გუნდი ამ განცხადების მკაფიო განმარტებას მოითხოვს.
„რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ „ქართული ოცნების” მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?
მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს”. – ამბობს ნოდარ მელაძე.
განახლება:
ნოდარ მელაძის განცხადების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი განცხადება გაავცელა და თქვა, რომ „თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს”.
თუმცა, მისივე თქმით, „ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი”.