ნოდარ რუხაძის დაკავების საქმეზე ევროსასამართლოს მივმართეთ - ედუარდ მარიკაშვილი

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის“ (GDI) თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტის და ჟურნალისტის, ნოდარ რუხაძის დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გააგზავნეს.

მარიკაშვილის თქმით, საუბარია 9 ნოემბერს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტის დაკავებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით „სირცხვილიას“ 4 წევრი, მათ შორის, ნოდარ რუხაძე დააკავა. ისინი საპროტესტო აქციას მართავდნენ და 8 ნოემბერს ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლით დაშლას და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. სასამართლომ რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ედურად მარიკაშვილი წერს, რომ სარჩელი ეხება ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, სასამართლო განხილვებსა და დასჯას, რა დროსაც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და შეკრების და გაერთიანების თავისუფლება).

„რადგან, ეროვნულ დონეზე სამართალდარღვევათა კოდექსისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სისტემური ცვლილების რესურსი არ ჩანს და ეს არც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, ვიმედოვნებთ, შევძლებთ, ევროპულ სასამართლოს დავანახოთ, რეალური სისტემური საფრთხეები თვითნებობისა და ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი აქტივისტთა შეკრებისა და მანიფესტაციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გარანტიების არსებითი გაუმჯობესებისთვის“, – წერს მარიკაშვილი.