ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნამ 7.7% შეადგინა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9 პროცენტია.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.