მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში კომუნალურები იმავე პრინციპით ანაზღაურდება, რაც იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით. ეს გახლავთ კომუნალურების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვე და შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მან აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომელთაც მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, პირადი განაცხადის საფუძველზე თქვან უარი მასზე.