ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის. გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად იურიდიული კომპანია BLB იცავს. კომპანიის განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელიი კალიფორნიაში სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბერს წარედგინა.

„სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში“, – აცხადებს კომპანია.

Netflix-ის სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონს კაც მოჭადრაკეებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.