ნონა ქურდოვანიძე: რატომ არის დიდი პალატის გადაწყვეტილება 20 ივნისზე ასეთი მნიშვნელოვანი

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ხსნის, რატომ არის 20-21 ივნისის ღამეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

ქურდოვანიძის თქმით, ის არა მხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებს უბრუნებს რწმენას, რომ უფლებებისათვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა წარმატებით დასრულდება, არამედ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის სამომავლოდაც.

„ეს საქმე განსაკუთრებით რელევანტურია დღეს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების უფლება იმ უფლებებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად შეიზღუდა და აქციების ძალადობრივი დაშლის, წამების და სპეციალური საშუალებების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება კვლავაც აქტუალურია“. – წერს ნონა ქურდოვანიძე და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არა მხოლოდ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს კონკრეტულ დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები.

კერძოდ, მისი თქმით, საქართველო ვალდებულია:

1. არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ;

2. შეიმუშაოს დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

3. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;

4. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება;

5. მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;

6. არ უნდა გამოყენებოდეს მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;

7. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას როგორც წესი, წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი გაფრთხილება;

8. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადო გადამზადება აქვთ;

9. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება უნდა დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს.

„ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დღეს საიაში გავიხსენეთ, როგორ ვიწყებდით ამ საქმეებზე მუშაობას, აქციის დარბევისთანავე, დავიწყეთ დაკავებულების და დაზარალებულების ძებნა იზოლატორებში, სასამართლოში ვიცავდით 80-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს და დაზარალებულ პირებს საავადმყოფოებში ვპოულობდით.

ძალიან გვიხარია, რომ 6-წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა საიას ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირების საქმეებზე. ასევე, მადლობა, ჩვენს პარტნიორს, EHRAC-ს, რომელთან ერთადაც ვაწარმოებდით ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში“. – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

დღეს, 11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ:

  • მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 — გამოხატვის თავისუფლების მუხლი;
  • რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან;

2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა. დაშავდა 38 ჟურნალისტი.