ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონით, იყოს დროებითი – კობახიძის ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი კობახიძე, სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით. იდეის დონეზე მინდა, შემოვიტანო ასეთი ინიციატივა – მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ ასეთი რამ – ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა.

15 ივლისამდე იმედია, რომ რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მივიღებთ და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ, დღესვე ეს იდეა განვიხილოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.