ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.
„კიდევ 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება საქართველოს დემორატიის დანგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და მძიმე დარტყმაა ყველა მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი საქმიანობით“.
27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს.
ყადაღა ადევს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ყადაღა დაედო იმ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება“.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.