ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკი ციხეში დატოვა

პუბლიკა

ნორვეგიის სასამართლომ ძალაში დატოვა ანდერს ბრეივიკის სასჯელი იმ მოსაზრებით, რომ არ ენდობა მსჯავრდებულის მტკიცებას, თითქოსდა შეიცვალა და ძალადობას აღარ ჩაიდენს.

სასამართლოს განცხადებით, ათობით ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ანდერს ბრეივიკი კვლავ წარმოადგენს საზოგადოებისთვის რისკს.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წელს ოსლოში მანქანაში დამონტაჟებული ბომბით ტერაქტი მოაწყო და რვა ადამიანი მოკლა. შემდეგ კი ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში შეიჭრა და სროლა ატეხა, რასაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.

ანდერს ბრეივიკს ნორვეგიის სასამართლომ მაქსიმალური სასჯელი – 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, გასულ თვეს ბრეივიკმა სასჯელის გადახედვა მოითხოვა. როგორც BBC წერს, მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობდა ძალადობაზე, მაგრამ მოსმენის დაწყებას ნაცისტური მისალმებით შეხვდა.

ბრეივიკი ამტკიცებს, რომ მართალია მისი იდეოლოგია არ შეცვლილა, მაგრამ ამ იდეოლოგიის პროპაგანდას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით ეცდება.

თუმცა, საქმის პროკურორს ჰულდა კარლსდოტირს მტკიცებულებად მოჰყავს ბრეივიკის ფსიქიატრის შეფასება, რომ მისი ნდობა არ შეიძლება და აცხადებს, რომ ბრეივიკი კვლავინდებურად „ძალიან სახიფათო ადამიანია“.

მოსამართლეთა კოლეგიაც გადაწყვეტილების მიღებისას ფსიქიატრიულ დასკვნას დაეყრდნო და განაცხადა, რომ არსებობს მსგავსი დანაშაულის განმეორების რისკი.