„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, აშშ-სა და მექსიკაში 30 000 მოხალისეზე ჩატარებული ცდები ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საშუალებას იძლევა.
კომპანიის დირექტორის, გრეგორი გლენის თქმით, პროტეინზე დამყარებული ვაქცინა 93-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდურ შტამების მიმართ. გარდა ამისა, ვაქცინამ 70-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის იმ ვარიანტების მიმართ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ ვერ შეძლო.
ჩატარებული ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 91 პროცენტია, ხოლო საშუალო სიმძიმის ინფექციის შემთხვევაში 100-პროცენტიან შედეგს იძლევა.
„ნოვავაქსის“ განცხადებით, მოხალისეებს სუსტი გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ, რაც თავის ტკივილით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით გამოიხატებოდა.
გრეგორი გლენის თქმით, 2021 წლის მესამე კვარტალისთვის კომპანია ვაქცინის 100 მილიონი დოზის, ხოლო მეოთხე კვარტალისთვის 150 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ მესამე კვარტალში (ივლის-აგვისტო-სექტემბერში) Covax-პლატფორმის საშუალებით, საქართველო მიიღებს Novavax-ის ვაქცინის, დაახლოებით, 700 000 და Johnson & Johnson-ის 130 00-მდე დოზას.