ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი (NOVAT) ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.
თეატრის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანანიაშვილი მიწვეულ იქნა ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად.
თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ დასის ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამდე, სანამ ის დასს ოფიციალურად წარედგინება, უპატივცემულობის გამოვლინებაა.
„იძულებულნი ვართ შეაჩეროთ დადებული ხელშეკრულება, სანამ არ გაირკვევა ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოჩენის ყველა გარემოება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეატრის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იანვრის შუა რიცხვებში NOVAT- ის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანისა და ნინა ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ.
ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
„გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.” – განუცხადა “რადიო თავისუფლებას” ნინო ანანიაშვილმა.