საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მთავრობას ნოვრუზის დღეს, 21 მარტს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
„21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი აღნიშნავს ნოვრუზს. ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს“. – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას მთელი საქართველოს მასშტაბით მოითხოვს.
„მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ქვემო ქართლში ან მხოლოდ საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება, რადგანაც ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“. – ნათქვამია განცხადებაში.