ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას - წულუკიანი შენგელიას საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

პუბლიკა

დეპუტატების კითხვებზე, რომლებიც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა.

წულუკიანმა ოპოზიციას მოუწოდა – ნუ ცდილობენ თემის პოლიტიზებას და ნუ აფიქრებინებენ საზოგადოებას, რომ ბაჩანა შენგელია „პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და მათი აქტივისტია“.

„რაც შეეხება ნოტარიატს, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ეს არის კანონის ჩანაწერი.

როდესაც წარვსდგები თქვენ წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე მოხდება, მაშინ ნებისმიერ კონკრეტულ ქეისსზე ვისაუბროთ. მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას იქვე წერია კანონმდებლობაში, რომ აკრძალულია ნოტარიუსის რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ იქნებ თავი დაანებოთ ნოტარიუსებს, მათ შორის ამ ადამიანს.

პანდემიის პირობებში ყველა ნოტარიუსისადმი მოქმედებს დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, თუ აღმოჩნდა, რომ ინსპექტირებისას დაარღვია წესები, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობა და ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ. ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლდ პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია.

არ მგონია, ეს ფორმატი იმისთვის იყოს, რომ თქვენ განგახილვინოთ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე. როცა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თქვენ წინაშე წარვსდგები მერე ნებისმიერი კონკრეტული ქეისით უფრო მწვავე ტონში შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

„ვფიქრობ, უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, ბაჩანა შენგელიას საქმიანობა შეუჩერა“, – ასე მიმართა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

დღეს,  გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პრემიერს დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებული შეკითხვით პრემიერს ასევე მიმართეს დეპუტატებმა სერგი კაპანაძემ და გიორგი მოსიძემ.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა.

როგორც შენგელიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ფიქრობს, რომ მისთვის საქმიანობის შეზღუდვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო.

მან უკვე წერილობით მიმართა პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

შენგელია ასევე უახლოეს დღეებში მიმართავს სახალხო დამცველს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.