ნუ გაგვიკეთებენ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ - რატიანი მოქალაქეებს მიმართავს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსს არცერთი წამყვანი ინფექციონისტი, არც საქართველოში და არც მსოფლიოში, არ იცნობს. მისი განმარტებით, ერთადერთი, რაც ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ იციან, არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცია, რაც ვირუსის გავრცელებას დროში გაწელავს, შეამცირებს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის დინამიკას.

„ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ „ღლიცინს”, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები”, – აცხადებს რატიანი.

ლევან რატიანი პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სულ მალე იტალიის მაგალითს გავიმეორებთ და ქვეყანაში „კუბოებს ვეღარ დავითვლით“. ექიმ რატიანის თქმით, ნამდვილად ასე იქნება, რადგან არის უპასუხისმგებლო მიდგომა.

„დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა და ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, რომ ეს იქნება ერი თუ ბერი – ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან!

სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ასე თქმა, მაგრამ მყავს სამი შვილი. თვე-ნახევარია, ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება?! იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ, მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ.

ალბათ, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში. არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები.  ახალგაზრდები „გამოძვრნენ“, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვულნი არიან არაინვაზიურ ვენტილაციას და იხრჩობიან. ამის ყურება ძნელია და ნუ გაგვიკეთებენ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ.

ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია ისევ დავიჭერთ, თუ ყველანი სახლში დავსხდებით და პასუხისმგებლობას ავიღებთ იმაზე, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან. თუ გამოვალთ, გამონაკლის შემთხვევებში, მაგრამ სახლშიც რომ ვიქნებით ერთად, წყალი, ჩაი, ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“, – აცხადებს ლევან რატიანი.