„როგორც თქვენი ტელევიზია მთლიანად, ასევე ნიკა გვარამია არის ასეთი უნამუსო, ფეიკნიუსების მომგონი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას, რომელიც მასზე თავდასხმის დაკვეთაში ვოლსკის ადანაშაულებს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. ანუ მე ვამბობ, რომ თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენს ხელმძღვანელთან ერთად. ნიკა გვარამიასთან ერთად ნუ გაისვრებით ისეთ რამეში, რომელიც ხვალ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ“, – მიმართა ვოლსკიმ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოში გუშინ, 30 იანვარს მიაყენეს. გვარამია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატია და სასამართლოში მის პროცესზე იყო მისული.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას ორი უცნობი პირი დაესხა თავს. გვარამიას თქმით, მას სახეში ჩაარტყეს.
„ეს ადამიანები არიან ჩუღურეთის რაიონიდან, სვანეთის უბნიდან. ვოლსკის შტაბის წევრები არიან და მის ივენთებზე ხშირად შემჩნეულები. რწმენა მაქვს, რომ ვოლსკის გამოგზავნილები არიან. მე მოვითხოვ ვოლსკის დაკითხვას და იმას, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო და დატოვოს მანდატი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ თავდასხმის შემდეგ.
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.