„ნუ გაქვს კომპლექსი, თქვა, რომ ჩვენ დავუახლოვდით ევროპას“ - ზარქუა ჟურნალისტს

პუბლიკა

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტთან ამბობს, რომ ევროკომისიის ამ დასკვნით ქვეყანა დაუახლოვდა ევროკავშირს.

ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა,  აკისრებს თუ არა ის პასუხისმგებლობას მთავრობას, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო ვერ იღებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და ამის შესახებ კრიტიკულ შეკითხვებს დაუსვამს თუ არა დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს. 

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოხსენებით წარდგება. 

„თქვენი აზრით, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით დავუახლოვდით უფრო თუ დავშორდით ევროპას? თქვენი აზრი მითხარით, როცა პასუხი გექნებათ …

შენი ქვეყანა გიყვარდეს, და  ემსახურე შენს ქვეყანას. დავუახლოვდით და ნუ, გაქვს კომპლექსი რომ თქვა, რომ დიახ, დავუახლოვდით ევროკავშირს”, – მიმართა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტს.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.