დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ღია სივრცის მქონე კაფე-ბარებში დიდი თავშეყრის ამსახველი კადრები, ამიტომ ის მოსახლეობას მოუწოდებს, გაითავისონ, რომ პანდემია გრძელდება, ვირუსი არ დამარცხებულა და თავი შეიკავონ მსგავსი აქტივობებისგან.
„ნუ გავთამამდებით, ნუ გავთამამდებით, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვსაუბრობ – დისტანცია. ახლა პარლამენტი იღებს კანონს პირბადის აუცილებელი ხმარების შესახებ საჯარო სივრცეებში და ა.შ. ჯარიმებითა და დასჯით არა, თვითშეგნებით… აქამდე დიდი თვითშეგნება და სოლიდარობა იყო. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო ნაკლებ დაზიანებულია.
რაც მე „ფეისბუქში“ ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში“ იმ დღეს ხომ, რა ხდებოდა პეტრიაშვილზე… ყველას გვინდა, გასაგებია, ყველას გვინდა, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხანს რა, სანამ პანდემია არის. იმიტომ, რომ ეს ბევრად მომატებული რისკია. იმაზე მომატებული რისკია, რაც „ფაბრიკასა“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვიდრე ეროვნული გამოცდები, დამერწმუნეთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით, მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი „ფაბრიკაში“ უცბად გადასდებს დაახლოებით 20-ს და მერე გეომეტრიული პროგრესია გვექნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.