ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება.
„თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, – ამბობს იოთანამიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა, რომლის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მიღწევის რესურსი ექნება.
„ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს იმას, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც ჩადის დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად აგოს პასუხი ამ დანაშაულის გამო. ვფიქრობ, არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა ბუნებაში, რომლის პირობებში მათ რაიმე სახის წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეთ არჩევნებში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.