„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამის შესახებ მამაუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისი თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს “ქართულ ოცნებას” უტოვებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით“ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საპასუხო განცხადებას გააკეთებს, ან დასთანხმდება შეთავაზებას, მედიას ეს წინასწარ ეცნობება.