„ხვალ უფრო მეტნი ვიქნების“ – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია ხვალაც, 25 აპრილს გაიმართება. მშობლები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და 19:00 საათზე ელიან მთავრობის კანცელარიის შენობასთან, სადაც რამდენიმე დღეა ღამეებს ათევენ.
„წამალი!“ „სოლიდარობა ბავშვებს!“ – ისმოდა დღეს აქცია-მსვლელობაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყო და პარლამენტის შონბამდე გაგრძელდა.
„ჩემი შვილი ჯერ არის 2 წლის და 7 თვის, მაგრამ 14 წლის ზაკო, 13 წლის ნიკოლოზი, 12 წლის დაჩი შენატრიან მედიკამენტს, მათ ჩვენს პრემიერზე კარგად იციან, რას ითხოვენ დედები მათთვის, მათთვის არის ეს მედიკამენტი მნიშვნელოვანი. დედები არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენს შვილებს არ გავახარებთ. ისინი გვიყურებენ და გვგულშემატკივრობენ გაყინულ დედებს“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.
„ნუ მიგვატოვებთ, გამოდით, დავანახოთ, რომ ძლიერები ვართ. გევედრებით, ნუ სხედხართ ტელევიზორებთან. [წამალი] აღიარებლია ევროკავშირში, ესენი არ აღიარებენ. გევედრებით, გამოდით, დედებს ნუ მიგვატოვებთ“, – მიმართავს საზოგადოებას ერთ-ერთი მშობელი.