„ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული“ - შსს-სთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული“ – ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აქცია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიგეგმა.

აქციის მონაწილეებმა შს სამინისტროსთან ბანერებისა და წითლად შეღებილი ხელთათმანების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

„პოლიცია, შსს გადაქცეულია არაფრის მაქნის ინსტიტუტად, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მკვლელებს დასდევდეს და ასეთ საქმეებს იძიებდეს, სადაც ახალგაზრდების სიკვდილი ყოველდღიურია, ამის ნაცვლად ჩვენ გვიწოდებს კანონდამრღვევებს და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველ მოქალაქეებს. არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ხელთათმანი გავაკრათ. კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელები აქვს სისხლში მოთხვრილი. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ის, რომ კრიმინალებს ჰქონდეთ კომფორტი, რადგან ამ არამზადებს სჭირდებათ კრიმინალები“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სამართალდამცველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტყეში დგას, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში.

გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.