„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის. დაწყნარდით!“, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას – როგორ უნდა აუხსნათ დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე – როგორ აპირებს მთავრობა ამ გადაწყვეტილების ახსნას? – ზალკალიანი პასუხობს, რომ „ეს ჩვენი საქმეა“. კიდევ ერთ შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს მინისტრი, რომ ამ დოკუმენტის არშესრულება ნიშნავს დასავლეთზე უარის თქმას, მინისტრი პასუხობს – „არა, არ ვფიქრობ“.
გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.