ნუცა მახარაძეს შსს პოლიციის დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება

პუბლიკა

თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ნუცა მახარაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. ამის შესახებ მახარაძის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.

ადვოკატის ცნობით, ნუცა მახარაძე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და თავს მხნედ გრძნობს.

„პოლიციამ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა ნუცა მახარაძე. ოქმში ჩაუწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა ან შეურაცხყოფას აყენებდა. რასაკვირველია, არცერთ ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ამას სასამართლოში მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეომტკიცებულებებით დავამტკიცებთ.

ნუცა მახარაძე გადაიყვანეს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოვინახულე, იგი არის მხნედ. ელოდება სასამართლოს. რთულია ამ სასამართლოს იმედი გქონდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ ნუცა მახარაძეს არანაირი სამართალდარღევა არ ჩაუდენია“, – ამბობს ადვოკატი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.