ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილს დამატებით ათვალიერებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

„მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს შსს.

გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება პირველ ივნისს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელსაც პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.