არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს - მერია

პუბლიკა

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც მან დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს.

ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება უკვე პროექტირებებზე. რამდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი. რამდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით, მეორე კვარტალში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

15 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავენ.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მოიცავს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე შენობა-ნაგებობების გამაგრების პროცესი დაიწყება, მეორე ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.