ოანა-სილვია ტოიუ: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

პუბლიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს რუმინეთი კაია კალასის წინადადებას, რომ რუსეთმა გაიყვანოს სამხედროები საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ტოიუს თქმით, მოლდოვასთან დაკავშირებით რუმინეთს დიდი ხანია, მკაფიო პოზიცია აქვს – რუსული ჯარი დნესტრისპირეთიდან უნდა გავიდეს.

„ეს ჩვენი პოზიცია იყო წლების განმავლობაში და, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ, რომ ეს უკვე ევროპულ პოზიციადაც იქცა. ჩვენ გვქონდა საუბრები პრეზიდენტ მაია სანდუსთან და მოლდოვის მთავრობასთან. ასევე ვხედავთ კარგ სიახლეებს დნესტრისპირეთიდან, იმ თვალსაზრისით, რომ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ამ ეტაპზე ევროპული მომავლის იმედი აქვთ.

წინა რეფერენდუმებსა და არჩევნებში დავინახეთ, რომ, მაგალითად, დნესტრისპირეთის მოქალაქეების დაახლოებით მესამედმა ევროპული მომავალი აირჩია. ამიტომ ვხედავთ, რომ არსებობს გზები რეგიონის ინტეგრაციისთვის და, რა თქმა უნდა, რუსული ჯარები იქიდან უნდა გავიდნენ“, – თქვა ტოიუმ.

რაც შეეხება საქართველოს  – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთსა და საქართველოს დიდი ხანია, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებსა და ევროპული მომავლის სურვილს.

„ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე ვხედავთ, სადაც დემოკრატია გამოწვევის წინაშეა; მაგალითად, ოპოზიციის ლიდერები წარდგნენ სასამართლოს წინაშე, ადგილი ჰქონდა სასამართლო სისტემაში ჩარევას, რაც კვლავ საჭიროებს საქართველოს განმარტებას ევროკავშირის წინაშე“, – განაცხადა ოანა-სილვია ტოიუმ.

დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა, რომ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში მოითხოვს რუსული სამხედროების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კალასმა თქვა, რომ ეს მოთხოვნა კეთდება „მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული ბალანსის შესაქმნელად და ფოკუსის იმ პრობლემაზე გადასატანად, რასაც რუსეთის მიერ მეზობლებზე თავდასხმების გაგრძელება ჰქვია“.

კალასის ამ ინიციატივას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც და თქვა:

„ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი“.

მისივე თქმით, „არ დავა პიროვნებებამდე – საუბრობს ევროკავშირთან დაკავშირებით“.