სოფელ შუქრუთის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. მათ დღეს, 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს.
წერილში საუბარია, რატომ და რის გამო დაიწყო შუქრუთელების პროტესტი და რამ მიიყვანა ისინი მის უკიდურეს ფორმამდე.
ისინი საუბრობენ 2021 წელს კომპანიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, მათ საკუთრებაში არსებული დაზიანებული ქონება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდა შეეფასებინა და ამის შემდეგ, კომპანიას სათანადო ანაზღაურება გადაეხადა, თუმცა კომპანიამ შეთანხმება დაარღვია და მათთვის „დღემდე არაა ხელმისაწვდომი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისად, კომპანიას არც კომპენსაცია გადაუხდია“.
შუქრუთელები ეხმაურებიან კობახიძის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ მოიძიეს ინფორმაცია პროტესტის ორგანიზატორებთან დაკავშირებით და „თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან“.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა, მოგახსენოთ, რომ თქვენ არასწორი, ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაცია მოგაწოდეს. პროტესტში მონაწილე დაზარალებული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას კომპანიისგან 1 ლარიც არ მიუღია.
კომპანია მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომ თითქოს მოსახლეობას ესაუბრება და პრობლემის მოგვარებას ცდილობს. პირიქით, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის უხვად გავრცელებით, კომპანია ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხდეს ჩვენი რეპუტაციის შელახვა.
გთხოვთ, უახლოეს დღეებში, ვიდრე, მათ შორის მოშიმშილეებს საუბარი და გადაადგილება ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეძლოთ და შეგვხვდეთ, რათა მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ კომპანია გვანგრევს, ჩვენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს და თავს არიდებს ზარალის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემას“, – წერია განცხადებაში.
შუქრუთელები უკვე 190 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. მე-19 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.
ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.