ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პუბლიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჰარისისა და ობამების სატელეფონო საუბარი ჩანს. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მიშელი და მე შენი მხარდაჭერით ამაზე მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვო და ოვალურ ოფისში მოხვდე“, – ამბობს ბარაკ ობამა ჰარისთან სატელეფონო საუბრისას.

მიშელ ობამა კი ამბობს, რომ ჰარისით ამაყობს და ეს არჩევნები „ისტორიული“ იქნება.

 


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა. იმავე დღესვე ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარი ოფიციალურად დაუჭირა და პარტიას შესთავაზა, რომ სწორედ ჰარისი იყოს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი.