ობოლაძემ თავისი თავი პარტიაში ვეღარ იპოვა - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე ენმ-ში მცირე ხნით იყო და იქ თავი ვერ იპოვა.

„ნიკა ობოლაძე მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და მან თავისი თავი აქ ვერ იპოვა, ძალიან სამწუხაროა. მისი სუვერენული უფლება იყო მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, წარმატებებს ვუსურვებ სადაც გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა ობოლაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ მას ჰქონდა ინიციატივა რომელიც გულისხმობდა ცვლილებებს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ობოლაძის თქმით, ინიციატივამ პარტიაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც ახლის დაწყებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. ამ ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ კულისებს იქით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა, საჯაროდ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამიტომ ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. საბოლოო ჯამში ამ ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისიდან გამოიყვანოს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.