ობოლაშვილი გარდაცვლილი ექთნის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის შესახებ ისაუბრა.

„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე 28 წლის გოგონა, რომელსაც დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ. ის იყო აქტიური ამ უხილავ მტერთან, კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება.

ოჯახის მოთხოვნაა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს”. – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

მან პარლამენტს მიმართა, „არსებული პროცედურების შესაბამისად, განიხილონ ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი”.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ მეგი ბაქრაძეს დავუბრუნოთ სიცოცხლე, მაგრამ მისი ოჯახისა და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ დიდი ტრაგედიისა და ტკივილის შემსუბუქებას“, – თქვა დეპუტატმა.