ო'ბრაიენი: აშშ-მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში

პუბლიკა

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.

ო’ბრაიენმა შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ. მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს პოზიციებს.

„საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობისგან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის.

ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება – ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მისივე თქმით,  როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აგრძელებენ.