ო'ბრაიენი: კითხვაა, გავლენიან ჯგუფებს თუ უნდათ რუსეთ-დასავლეთს შორის ნაცრისფერ ზონაში ყოფნა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. სენატორების შეკითხვებს უპასუხა ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა.

სენატორმა ჯინ შაჰინმა ო’ბრაიენს საქართველოს შესახებ შეკითხვით მიმართა. შაჰინის თქმით, საქართველო რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშაა. სენატორი დაინტერესდა, რას აკეთებს შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მომავალ წელს ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ახლა რუსეთი ცდილობს, ეს ტერიტორია გამოიყენოს სამხედრო ბაზის პროექტისთვის. ამას ვაკვირდებით. როგორც იცით, საქართველოს მოსახლეობის 85-90%-ს სურს ევროკავშირის წევრობა და მათ სურთ, ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან.

საკითხავი ის არის, მცირე ჯგუფი ბიზნესის და სხვების, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა, იყვნენ ნაცრისფერ ზონაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენი გამოწვევაა, ყოველ ჯერზე მივანიშნოთ ხალხს, რომ არის გადამწყვეტი მომენტი, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამიტომ ჩვენ გამოვიყენეთ სანქციები და გარკვეული მოთხოვნები რეფორმებისთვის.

ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ და ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს წვდომას მისცემს დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე.

ჩვენ ვთქვით, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველომ უნდა მიიღოს მთელი რიგი ზომები. ჩვენ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რომ მხარი დავუჭიროთ ამას“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ელოდება გაეროს წინასაარჩევნო ანგარიშს, როგორ უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დიზაინი და ამის შემდეგ იმუშავებენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დარწმუნდნენ, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ო’ბრაიენის თქმით, აშშ საქართველოს არ მიატოვებს.