აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ხელისუფლებები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც საჭოროა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისთვის.
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც გაიმართა მოსმენა თემაზე „2025 ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის მოთხოვნა ევროპისთვის“. მოსმენაზე ჯიმ ო’ბრაიენი და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის (E&E) ბიუროს ადმინისტრატორი, ერინ ელიზაბეტ მაკკი წარდგნენ. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ევროპულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის დონე უარესდება, მათ შორის, საქართველოშიც.
ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-ის დანახარჯების ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხმარდება, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობა იყო.
„ევროკავშირს შეთავაზებები ჰქონდა ცხრა ქვეყანასთან, როგორც გარკვეული მომავლის მქონესთან ევროკავშირში. ნატოსაც ჰქონდა დისკუსიები ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანების ან მათთან დაახლოების შესახებ. ასეთი ქვეყნებიდან ზოგიერთში გარკვეულ რეაქციებს ვხვდებით, მაგალითად, საქართველოში, უნგრეთში, თუმცა, უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის წევრი. ასევე, ბოსნიაში და სხვა. აქ ელიტები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლადაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს არ გაგრძელდეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალიან აქტიური იყოს ამ ტერიტორიებზე”. – თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოქალაქეების 80%-ზე მეტი ემხრობა, თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება” ამ გზას საფრთხეს უქმნის როგორც რუსული კანონის მიღებით, ისე – ანაკლიის პორტის ასაშენებლად კონტრაქტის ჩინური კომპანიასთან გაფორმებით.
“საქართველოს კონსტიტუციის “ქართული ოცნების” პარტიის მიერ მიღებულ რედაქციაში წერია, რომ მათ სურთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყვნენ. ამ კვირაში ევროკავშირმა და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირისპირ, მივაწოდეთ მესიჯი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, “უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს”. – თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა.