ო'ბრაიენი: თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ

პუბლიკა

„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს.

ო’ბრაიენის  თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქალაქეებზე, პარტნიორებს უჩენს კითხვას – „დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”.

„გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა […].

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამეებით, მაგალითად, სადაც თქვენი შვილები სკოლაში დადიან, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამბობს ო’ბრაიენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჟურნალისტთან აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად, მათი პოლიტიკა „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ეს იყო ჩემი გასულ კვირას ვიზიტის მთავარი გზავნილი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კანონი, რიტორიკა, რომელიც მას ახლავს და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება წინსვლის არჩევანს.

მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა.

ასევე, ვენეციის კომისიამ, ევროპულმა ორგანომ, რომელიც კანონებს აფასებს, ამ კვირაში ძალიან მტკიცე მოსაზრებები გაავრცელა, რაც ამავე შინაარსისაა. ასე რომ, საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა”, – ამბობს ო’ბრაიენი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენი ამბობს, რომ არ არის. მას მაგალითად ფეხბურთის მატჩში მონაწილეობის სურვილი მოჰყავს.

„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან.

რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.


ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში 14 მაისს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.