ობუდსმენმა საკონსტიტუციოს უზენაესის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების მიზნით მიმართა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას განსაზღვრავს.

ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა კანდიდატების თვითნებურად შერჩევისა და მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის.

„2019 წლის 1 ნოემბერს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

2020 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიჩნევს, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს. აღნიშნული რისკის შესახებ ასევე მითითებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთ დოკუმენტში. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.

სწორედ აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტების შეჩერების მოთხოვნით. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად იმსჯელებს აღნიშნული საკითხის თაობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.