OC Media-მ პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, მან კი დონორებზე ზეწოლა სცადა - OC Media

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოცემა OC Media-ს დონორებთან „უჩივლა“. OC მედიის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ პაპუაშვილს წერილის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს.

როგორც თავად OC მედია აცხადებს, მათმა დამფინანსებელმა, მინიმუმ, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მიმართა.

გამოცემის თანახმად, შალვა პაპუაშვილის დონორებისადმი მიმართვაში წერია:

„ის ფაქტი, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც ქართულ პოლიტიკაზე მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას აშუქებს და კატეგორიულად უარს ამბობს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზე, რომელიც მათ სულისკვეთებას არ შეესაბამება”.

დონორი ორგანიზაციების განცხადებით, წერილით გაოცებულები დარჩნენ და „არ იცოდნენ, როგორ ეპასუხათ”.

OC Media-მ შალვა პაპუაშვილს მომხდარზე კომენტარისთვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

ოპედი მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ X (Twitter)-ზე გამოაქვეყნა.

OC მედიის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი, მარიამ ნიკურაძე მომხდარს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ზოგადად მედიაზე თავდასხმად აფასებს.

„მედიაზე „ქართული ოცნების“ თავდასხმა გრძელდება. 3 წლის წინ რომ გეკითხათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გარემო, რომელშიც ვმუშაობთ, ასე სწრაფად და ასე ძლიერად გაუარესდებოდა”, – ამბობს მარიამ ნიკურაძე.

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის განცხადებითაც, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

„ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებსა და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე“. – წერია მათ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.