9 აგვისტოს OCCRP-მ რამდენიმე ქართულ მედია პარტნიორთან ერთად გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობს. ამას მოგვიანებით რამდენიმე განცხადებით უპასუხეს მმართველი პარტიის პრესსამსახურში და მომზადებულ მასალას „მტკნარი სიცრუე” უწოდეს.
კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა”.
OCCRP კიდევ ერთხელ პასუხობს „ქართულ ოცნებას” და აღნიშნავს, რომ OCCRP არ არის ქართული ორგანიზაცია და არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. განცხადებაში აღნიშნლია, რომ OCCRP არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მედია ორგანიზაცია და მისი მიზანია აუდიტორიის დროული და ზუსტი ინფორმირება.
„ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და არა პოლიტიკური საკითხი. ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია”, – განაცხადა OCCRP-ს რედაქტორმა დრიუ სალივანმა.
განცხადების თანახმად, OCCRP-მ უძრავი ქონების რეესტრიდან მოიპოვა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.
„წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით, ჩვენ ვერ შევძლებთ დამატებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რა გზებით მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები. თუმცა გვსურს, რომ გავასაჯაროოთ აღნიშნული დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება რომელიც ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტების სისწორეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა – უჩა მამაცაშვილმა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.
გამოძიების თანახმად, საუბარია სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.