გერმანულმა სასამართლომ OCCRP-ის (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრი) მიერ მხილებული მასშტაბური ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის მთავარ ფიგურას პატიმრობა მიუსაჯა.
OCCRP-ის მოკვლევით, მსჯავრდებული მიხეილ ბინიაშვილია.
OCCRP ამბობს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი „Milton Group პირველად 6 წლის წინ ამხილა.
განაჩენი ბავარიის ქალაქ ბამბერგის რაიონულმა სასამართლომ 11-დღიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ხუთშაბათს, 26 თებერვალს გამოიტანა. პროცესი „უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში“ მიმდინარეობდა. სასამართლომ ბრალდებული გაამტყუნა კომერციული და ორგანიზებული თაღლითობის ორი მუხლით.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მსჯავრდებულის ვინაობა მითითებული არ ყოფილა, OCCRP-ის რეპორტიორმა, რომელიც სასამართლოში პროცესების დაწყებამდე მივიდა, ნახა სხდომების განრიგი, რომელიც ემთხვეოდა საქმეზე განაჩენის გამოტანის დროსა და თარიღს.
OCCRP წერს, რომ სხდომების განრიგში მითითებული იყო იგივე ბრალდებები, რაც სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში. გარდა ამისა, განრიგში ფიგურირებდა იგივე მოსამართლე, გვარად გიოტცი (Götz), რომელიც სასამართლოს განცხადებაშიც არის მოხსენიებული.
OCCRP-ის თანახმად, ასე გამოვლინდა ბრალდებულის ვინაობა – მიხეილ ბინიაშვილი, რომელიც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეა.
განაჩენი ჯერ საბოლოო არ არის და ბინიაშვილს გასაჩივრების უფლება აქვს. მის ადვოკატებთან კომენტარისთვის დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
თაღლითობის მეთოდები
სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისამდე, ბინიაშვილი ხელმძღვანელობდა ალბანეთში ბაზირებულ თაღლითურ ქოლ-ცენტრს, სადაც პიკის პერიოდში 600-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის „სპეციალურად მომზადებული პერსონალი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეცდომაში შეჰყავდა“.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მსხვერპლი რეგისტრირდებოდა ყალბი საინვესტიციო სქემის ვებგვერდზე, თანამშრომლები მათ ტელეფონით უკავშირდებოდნენ და „მაშინვე ამყარებდნენ პირად ნდობას, რათა დაეყოლიებინათ ისინი რაც შეიძლება დიდი თანხის „ინვესტირებაზე“.
OCCRP-ის მიხედვით, განცხადების თანახმად, „რეგიონული სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე გიოტცმა განაჩენის ზეპირ განმარტებაში აღნიშნა, რომ მსხვერპლებს „თავხედურად ატყუებდნენ“, რადგან დეპოზიტების სახით მიღებული თანხები არასდროს დაბანდებულა და მას უბრალოდ ითვისებდნენ“.
მიყენებული ზარალი და პროგრამული უზრუნველყოფა
სასამართლომ დაადგინა, რომ მსხვერპლთა მიერ გაცემულმა დეპოზიტებმა, ძირითადად გერმანულენოვან ქვეყნებში, ისინი დაახლოებით 8 მილიონი ევროთი ($9.4 მილიონი) აზარალა.
გარდა ამისა, ბინიაშვილი გაამტყუნეს კიდევ 42 მილიონი ევროს ($49.5 მილიონი) ოდენობის ზიანის გამოწვევაში სხვა თაღლითური ოპერაციებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების გამო.
„ბევრმა ადამიანმა დაკარგა მთლიანი დანაზოგები და გაუნადგურდა საარსებო წყარო“, – განაცხადა სასამართლომ.
OCCRP წერს, რომ ბინიაშვილი ასევე პასუხისმგებელი იყო სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მიწოდებაზე, რომელიც ამ თაღლითობის საფუძველს წარმოადგენდა. ალბანური ქოლ-ცენტრის დატოვების შემდეგ მან დაიწყო ამ პროგრამის გაყიდვა სხვა კრიმინალურ ჯგუფებზე, რაც თაღლითობის მოდელის სხვაგან კოპირების საშუალებას იძლეოდა.
OCCRP-მ 2020 წელს გაავრცელა ინფორმაცია ქოლ-ცენტრების ქსელის შესახებ, რომელიც მოიცავდა საქართველოს, ალბანეთსა და უკრაინას. ეს ქსელი იყენებდა გაყიდვების აგენტების დიდ გუნდებს მსოფლიო მასშტაბით მსხვერპლებისთვის ყალბი ინვესტიციების შესთავაზებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ქოლ-ცენტრები კლიენტებთან სხვადასხვა ბრენდის სახელს იყენებდნენ, შიდა წრეებში ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც „Milton Group“ უკრაინაში და „Morgan Limited“ საქართველოში.
OCCRP წერს, რომ კიდევ ერთი, საქართველოში ბაზირებული თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელიც გასულ წელს OCCRP-ის გამოძიება „Scam Empire“-ის ფარგლებში გამოვლინდა, იყენებდა კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამას, სახელწოდებით PumaTS. იგივე პროგრამა ფიგურირებს ბინიაშვილის საბრალდებო დასკვნაშიც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის „თაღლითურ ქოლ-ცენტრებს აწვდიდა IT მომსახურებას, კერძოდ, PumaTS პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ ქმედებებით ბრალდებული მსხვერპლთა ხარჯზე მნიშვნელოვნად გამდიდრდა“.
საპატიმრო სასჯელთან ერთად სასამართლომ გამოსცა თაღლითობასთან დაკავშირებული 2.4 მილიონი ევროს ($2.8 მილიონი) ოდენობის შემოსავლის კონფისკაციის ბრძანება. სასამართლოს განცხადების თანახმად, ბინიაშვილმა აღიარა თავისი როლი დანაშაულებრივ ოპერაციაში.
„ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში და დასკვნით სიტყვაში მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში, OCCRP-ის თანახმად.