„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს 113 მანდატს პარლამენტში და აბსოლუტურ ძალაუფლებას.
მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება.
„პოლიტიკიდან ჩამოაშორონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ”. „ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, მის დაწყებაში, რუსეთის მსგავსად, საქართველოს და ენმ-ის ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის”.
პარტია კიდევ ერთხელ ახსენებს გარე ფაქტორებს და აცხადებს, რომ ენმ-ს ვერ მისცემს უფლებას, „გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს”.
„დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას”. – წერს ქართული ოცნება.
„ქართული ოცნება” წერს, რომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა „გარე ძალებმა მათ ვერ შეუშალონ ხელი „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაში”.
მმართველი პარტია ახსენებს ჰომოფობიურ, ძალადობრივ, ცენზურის დამკანონებენ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და თავისი რუსული პროპაგანდის ნარატივით აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყანას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან” დაიცავს.
მმართველი გუნდი ასევე მიუთითებს, რომ „არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე პოზიციას მოქალაქეებს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაუზიარებენ”.
„რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.
შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ”. – აცხადებს „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო.
„ქართული ოცნების” სამიზნე სამიზნე გახდა მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც ე.წ კლანთან არ ასოცირდება.
მმართველი პარტიის დღევანდელ განცხადებაში ნახსენებია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა.
„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მაშინ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რასაც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა.
„მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”.
„თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა”. – წერს „ქართული ოცნება”.