„საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება. ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, უფლება-მოვალეობებს, რომლებიც აქამდე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში შედიოდა, შეასრულებს თბილისში არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც ვასილ მაღლაფერიძეა.
ცვლილების შემთხვევაში, აჭარის მაუწყებლის დებულებას, ბიუჯეტს, მასში ცვლილებსა და შესაბამის ანგარიშებს ჩაიბარებს და დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ის საბჭო, რომელიც თბილისიდან საქმიანობს. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახლა 5 წევრისგან შედგება.
„პრობლემას წარმოადგენს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მთლიანად მენეჯმენტის დაქვემდებარება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებით ორი მაუწყებლის მუშაობის მთავარი პრინციპი ირღვევა, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„მთლიანად ის ფუნქციები, რომელიც ჰქონდა მრჩეველთა საბჭოს, გადადის სამეურვეო საბჭოში. მათ შორის არის დირექტორის დანიშვნა/გათავისუფლების საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხი, ბიუჯეტის განსაზღვრის საკითხი. მართალია, დღესაც ეს საკითხები სამეურვეო საბჭოსთან თანხმდებოდა, მაგრამ ახლა უკვე სრულად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ“, – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
როგორც ის ამბობს, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიას ჰქონდეს ერთი სარედაქციო პოლიტიკა.
მარიამ გოგოსაშვილისთვის ამის მანიშნებელია კიდევ ერთო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უქმდება აკრძალვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირი არ შეიძლება ასრულებდეს სხვა ტელევიზიაში ანაზღაურებად სამუშაოს.
„განხილვისას ითქვა, რომ ეს შეეხებოდა მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლებს და ამით იხსნებოდა, რომ აი, ტექნიკურად ისედაც ეხმარება საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზიას და რეალურად, მათი შრომა უნდა დაფასდეს და ორივე ტელევიზიიდან მიიღონ შემოსავალი, თუმცა, რეალურად, ჩანაწერი იძლევა საშუალებას, რომ, მაგალითად, ერთი მოადგილე ჰყავდეს როგორც აჭარის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს. ანუ რეალურად შეიძლება ისე დაკომპლექტდეს ორივე მაუწყებელი თანამშრომლებით, რომ ერთი სარედაქციო პოლიტიკა გატარდეს ორივეგან, ” – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე გაიზრდება.
თავდაპირველად, ინიციირებულ ვერსიაში იყო ჩანაწერი, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ენიჭებოდა, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან ორი კანდიდატი მათ წარედგინათ პარლამენტისთვის.
თუმცა, როგორც მარიამ გოგოსაშვილი გვეუბნება, მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებში მარეგულირებელი კომისია ამოღებულია. თუ მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 წევრს წარადგენდა უმრავლესობა, 2-ს – საპარლამენტო ოპოზიცია, 2 წევრს სახალხო დამცველი წარუდგენდა პარლამენტს, ხოლო 1-ს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ახლანდელი ცვლილებით, რაკი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება, აჭარის უმაღლეს საბჭოს სამეურვეო საბჭოში ერთი წევრის ნაცვლად სამი წევრის წარდგენა შეეძლება.
ის, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდეს, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება. მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ამ ცვლილებით, „იქმნება უმრავლესობისთვის უმრავლესობა სამეურვეო საბჭოში“, რადგან „ოცნების“ წარდგენით სამი წევრი დაინიშნება, აჭარის უმაღლესი საბჭოდან კი, სადაც უმრავლესობა ასევე „ოცნებას“ აქვს – კიდევ 3 წევრი, რაც ნიშნავს, ბორდში გადაწყვეტილების მიმღებ 6 წევრს.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს ექვსი წელი“ იცვლება ჩანაწერით „ექვსი წელი“.
ასევე, ცვლილებებით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის უმრავლესობის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.