შალვა პაპუაშვილის თქმით, „ოცნებამ“ მიიღო ყოფილი ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე და წარმომადგენლობის საქართველოს პოზიციას ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონთან მიმართებით.
მისი შექმნის შესახებ ბრძანებულება მიიღო მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 8 მაისს.
ამ დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფუნქციაა „ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან”.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია შეიქმნა 2006 წლის ნოემბერში „ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არაკონსტიტუციური არჩევნების საფუძველზე, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა”.
პაპუაშვილის თქმით, „ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“.
მისივე განცხადებით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღემდე დევნილობაში არიან.
„ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.