„ოცნება“ არ გამორიცხავს ბარიერის 3%-მდე გაზრდას | რას აცხადებენ ოპოზიციაში

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში გათვალისწინებული 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მსჯელობის საგანია და შესაძლოა, ის შეიცვალოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსზე“ ისაუბრა.

პაპუაშვილის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ არსებული 5%-იანი ბარიერი, შესაძლოა, მაღალი გამოდგეს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ რამდენიმე პარტიამ მოახერხოს მისი გადალახვა.

მისი თქმით, მსჯელობენ, რამდენი პროცენტი უნდა იყოს დაბალი ბარიერი. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ 2-სა და 3%-ს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არაა.

„ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც 2024 წლისთვის წესია, შესაძლოა იყოს მაღალი, მათ შორის იმ გამოცდილებით, რაც ამ არჩევნებზე გვქონდა. ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პარტიებმა ვერ შეძლონ 2024 წლამდე ისე მოძლიერება, რომ რამდენიმე პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ამიტომ, როგორც დროებითი ზომა, დაბალი საარჩევნო ბარიერი, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა კარგი იყო.

რამდენი უნდა იყოს დაბალი ბარიერი, ამაზე სხვადასხვა მსჯელობაა. პრაქტიკას თუ გადავხედავთ ევროპაში, როგორც წესი, არის 3% ან 5%. 3%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 6 პარტია, დავფიქრდეთ, არის თუ არა ეს საკმარისი. 2%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 7 და მხოლოდ ერთი პარტია დაემატებოდა, 2 და 3%-ს შორის განსხვავება შეიძლება ამ კუთხით მნიშვნელოვანი არ იყოს. 3% ზრდის პარტიების სპექტრს. ამ საკითხებზე მსჯელობაა საჭირო.

თუ 2%-ზე ვსაუბრობთ შეიძლება ის იყოს არგუმენტი, რომ კონკრეტულ პარტიებზე იყოს მორგებული. მაგალითად, „გირჩი“ ამბობს, რომ თუ 2.9% ავიღე, რატომ დავუჭირო მხარი 3%-იან ბარიერს, თავისზე მორგებულად ფიქრობენ და არა იმაზე, ზოგადად რა ჯობია, რომ იყოს.

პრინციპული სხვაობა 2-3%-ს შორის არაა. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, რომ იყოს დაბალი ბარიერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მიერ ნახსენები „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ურჩევნია, ამომრჩეველს ელაპარაკოს და ნებისმიერი ბარიერი გადალახოს, ვიდრე „ოცნების“ „სიტყვაზე და პატივისცემაზე იყოს დამოკიდებული“.

„დიდი ხანია, არც „ქოცების“ და არც „ნაცების“ იმედი არ მაქვს და არც ქართველ ხალხს ვურჩევ, ამათი იმედი ჰქონდეს. ამათ მაიმუნობას, თუ ვაჭრობას ვერ ავყვები – ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. მირჩევნია, საკუთარ თავზე ვიზრუნო, ჩემს ამომრჩეველს ველაპარაკო და ვიზრუნო, რომ გადავლახო ნებისმიერი ბარიერი, რაც არ უნდა იყოს, ვიდრე აქ ამათ ვეჯღანაო. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, პროპორციული არჩევნები იქნებოდა ბუნებრივი ბარიერით, რა პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. თუ რამე ნორმალური სიტყვა უთქვამს „ქართულ ოცნებას“, ეს სიტყვა იყო, რისი გატეხვაც საკუთარი თავის უპატივცემულობაა. პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში საკუთარი თავისა და სიტყვის უპატივცემულობა არაფრად მიაჩნიათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამათ სიტყვასა და პატივისცემაზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ნებისმიერი ბარიერის დასაძლევად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ სხვა ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კანონპროექტი შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით დაიწერა და მასში გაწერილი ნებისმიერი პუნქტი მათთვის მისაღებია.

„ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ამგვარი მერყეობა და დათქმული საკითხების მოგვიანებით გადათქმა ამომრჩევლისთვის მკაფიო გზავნილია.

„მესამე ძალის“ წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, „ქართული ოცნებისგან“ მოსალოდნელია, რომ ისევ „ითაღლითებენ“.

„საქართველოში სხვა რეალობაა, სხვა ქვეყნებში – სხვა. იმიტომ იყო ჩადებული დაბალი ბარიერი, რომ მრავალპარტიული წარმომადგენლობა იყოს პარლამენტში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, ის, რაც მიშელის დოკუმენტშია ჩადებული, მისაღებია და თუ „ოცნება“ აპირებს, ამას გადახედოს, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ ერთხელ მოტყუება.

„მერამდენედ უნდა გადააგდონ ან საერთაშორისო თანამეგობრობა, ან ქართველი ხალხი?! ჩვენთვის მისაღებია ის, რაც წერია მიშელის დოკუმენტში – 2%-იანი, სრულად პროპროციული“, – უთხრა ობოლაძემ „რუსთავი 2-ს“.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს I მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. დეპუტატებმა კენჭი არ უყარეს მხოლოდ გენპროკურორის პარლამენტის 3/5-ის მხარდაჭერით არჩევის წესს. საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევამ და ფრაქციების 4 წევრით დაკომპლექტებამ 126 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

კანონპროექტს წინ II და III მოსმენით განხილვა ელოდება. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანოპროექტის სხვა საკითხებს [გარდა გენპროკურორისა] პირველ მოსმენაზე არ შეეხებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მომდევნო მოსმენებზე შესაძლოა, ისინი გარკვეული ცვლილებების ინიციატივით გამოვიდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მიღებული კანონი დროებით, მხოლოდ მომდევნო 2 არჩევნების დროს იმოქმედებს.

კანონის მე-2 მუხლს ემატება მე-11 და მე-13 პუნქტები, რომლებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.