„პარლამენტი განიხილავს „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს, „ოცნება“ ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
„ამიტომ პირველ რიგში ოცნების მესვეურებს განვუმარტავ ოლიგარქის ცნებას – ეს ნიშნავს მცირეთა ძალაუფლებას, ერთი მუჭა ელიტური დაჯგუფების მმართველობას, მათ მიერ ადმინისტრაციული და სახელისუფლო ბერკეტების ფლობას და ბოროტად გამოყენებას! ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც შექმნა, ზუსტად ასეთი, ოლიგარქიის დანაშაულებრივი სისტემა, თავად ჩრდილოვანი მმართველია, ხოლო მისი ხელისბიჭებისგან შექმნილი მთავრობა, საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა, სასამართლო, პროკურატურა, მედია ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებით მართავს და უფრსკულისკენ მიაქანებს ქვეყანას!
ამავე დროს, ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნეს კლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს“,- აცხადებს ხაზარაძე.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.