„ოცნება“ ცესკოს წევრის არჩევის პროცედურას ისევ ცვლის

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ცესკოს წევრის არჩევის პროცედურას ისევ ცვლის.

„ოცნების“ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებით, ცესკოს წევრის ასარჩევად 90-ის ნაცვლად 76 ხმა იქნება საკმარისი.

„კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა – პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. აქედან გამომდინარე, პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს რეგლამენტში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ეს ცვლილებები გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების პროექტში.

„ოცნებამ“ დააინიციირა პაკეტი, რომლითაც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში NGO-ების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი ცვლილებები შედის 14 კანონში.

პარლამენტის რეგლამენტში იწერება, რომ „არჩეულად ითვლება [ცესკოს წევრობის] ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ“.

ამავე პროექტით იცვლება ცესკოს წევრების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესიც – კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ყოფნა სავალდებულო აღარაა.

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულების, საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად კანონმდებლობაში განისაზღვრა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ფართო კონსესუსით, პარლამენტში არსებული ყველა ჯგუფის მხარდაჭერით უნდა არჩეულიყო. ამისთვის 100-მდე გაიზარდა ხმათა რაოდენობა, რომელიც ცესკოს წევრის ასარჩევად იყო საჭირო.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს წევრობის კანდიდატები 100 ხმის მიღებას ვერ ახერხებდნენ და თანამდებობაზე 6 წლის ნაცვლად 6 თვით ინიშნებოდნენ.

მოგვიანებით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა დაიწყო.

ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის თავდაპირველად 76 ხმა განისაზღვრა, შემდეგ კი კოდექსში ახალი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ასარჩევად საჭირო გახდა 90 ხმა.

90 ხმის ვერმიღების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, რომელზეც კანდიდატს უკვე 76 ხმით ირჩევენ.

ახლა კენჭისყრის ორი საფეხური უქმდება და ცესკოს წევრის ასარჩევად ისევ 76 ხმა იქნება საჭირო.